შაბათი, აპრილი 20, 2024

ბაჩანა შენგელია: “გამოძიება მიდის აბსოლუტურად მცდარი მიმართულებით”

როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ გარდაცვლილი ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, ქ.  ზუგდიდის №6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას, სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა შესთავაზა. ბაჩანა შენგელია გაეცნო აღნიშნულ მასალებს და მიაჩნია, რომ გამოძიება მიდის აბსოლუტურად მცდარი მიმართულებით და საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი უმრავლესობა არის სრულიად ფორმალური:

“გავეცანით ია კერზაიას საქმის მასალებს დეტალურად. სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვვარაუდობდი და წარმოგვედგინა:

1. გამოძიება მიდის აბსოლუტურად მცდარი მიმართულებით და საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი უმრავლესობა არის სრულიად ფორმალური.

საქმე ეხება პლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და ამ საქმეზე არ არის გამოკითხული ფორმალურადაც კი, საქმის მთავარი ფიგურანტი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. სამაგიეროდ, გამოკითხული არიან სკოლის დამლაგებლები, სპორტის მასწავლებელი და საქმეთან შემხებლობის არმქონე პირები.

სავარაუდო დანაშაული უშუალო შემსრულებლები, ელისო ჯაფარიძე და ნოდარ წამალაშვილი მოწმის სახით გამოკითხული არიან მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, 16 და 17 აპრილს (!).

2. სამინისტროს შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე მიმართვა გაკეთებულია შემთხვევიდან ოთხი თვის (!) გასვლის შემდეგ და პასუხი სამინისტროდან რა თქმა უნდა არის, რომ ჩანაწერები წაშლილია. ამ ჩანაწერებით დადასტურდებოდა, რომ არავითარი ლავრენტი ქირია სამინისტროში არ მისულა 8 ნოემბერს და ეს ე.წ. საჩივარი სამინისტროშივე შეადგინეს.

არ არის გამოკითხული კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ე.წ. საჩივრის მიღების დროს იყო მორიგე და რომელსაც უნდა ჩაებარებინა საჩივარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. არ არის ამოღებული სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მობილური ნომრების დეტალური ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დევნის ,,ოპერაცია” წინასწარ იყო დაგეგმილი.

გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ არის გამოკითხული ქ. ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც ქ. ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და არაერთი მოწმე პირდაპირ ჩვენებებს იძლევა. არ არის გამოკითხული არც თვითონ მე-7 სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი.

4. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის კითხვები არის დასმული ისეთი ფორმულირებით, რაზედაც მიწოდებული მასალების საფუძველზე ექსპერტი კონკრეტულ პასუხს ვერანაიდან ვერ გასცემდა. შესაბამისად, ექსპერტიზამ საქმე შეუსრულებელი ფორმით 16 აპრილს უკან დაუბრუნა გენერალურ პროკურატურას (ერთი თვე მოუნდა უარის თქმას).

ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს მიერ 25 თებერვალს იყო ექსპერტისთვის დასასმელი კითხვები შეთავაზებული და ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდებოდა საქმის გამოძიებისთვის. ამ კითხვებით ჩვენ ორჯერ მივმართეთ ექსპერტიზას, თუმცა ერთხელ სპეციალისტის მოუცლელობის (!) გამო გვექთვა უარი, მეორე შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალისტის გამოყოფაზე უარი განაცხადა (!).

ზემოთ ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებები იყო პირველადი ღონისძიებები, რომლებიც მყისიერად უნდა ჩატარებულიყო, არაფერს ვამბობ უამრავ სხვა შედარებით რთულ, მაგრამ მნიშვენლოვან საკითხებზე, რაზეც არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათ ფიქრიც ზედმეტია.

სრულიად გაოგნებული ვარ საქმის მასალებში დანახულით 🙁 რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურამ ზუსტად იცის დანაშაულის სქემა, ასევე დამნაშავე პირების ვინაობა და გამოძიების დაწყების დღიდან ყველა მოქმედება მიმართულია ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის გვერდის ასავლელად.

ყველა ამ ფაქტის ანალიზის შედეგად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში არსებობს სისტემური დანაშაულის ნიშნები. უკვე დიდი ხანია, საქმე გასცდა განათლების სამინისტროს ფარგლებს და მასში უკვე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზა, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები. ჩართულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას არ იღებს დანაშაულის დროულად და ეფექტურად გამოძიებაზე, მათ შორის ევროპარლამენტარების შეშფოთების პასუხად, არამედ საქმის ფორმალურად გამოძიების დასრულებამდეც არ ათავისუფლებს განათლების მინისტრს. პირიქით, ხელს აფარებს განათლების მინისტრს და სამინისტროს არაერთ მაღალჩინოსანს.

დღეის შემდეგ არ მაქვს არანაირი იმედი და მოლოდინი, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში ია კერზაიას საქმე იქნება ობიეტურად გამოძიებული. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურებს და აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს უკვე საერთაშორისო დონეზე.

მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სრულად, დაინტერესდნენ საქმის დეტალებით. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოების წევრებს. არ დავუშვათ კიდევ ერთი სისტემური დანაშაულის ჩადენა ჩვენს ქვეყანაში, დროულად მივაქციოთ სათანადო ყურადღება ამ საქმეს.

მე კი, რა თქმა უნდა ვაგრძელებ ბრძოლას ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემამდე, იას სიმართლის დამტკიცებამდე და საბოლოო გამარჯვებამდე”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული