საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა.

პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა.

„დღეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. საქართველოს ფოსტას დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა. რა თქმა უნდა, ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ეს არის ნამდვილად დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე ზვიად გამსახურდიას ხუთტომეული, სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“. გაიმართა ასევე საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა.

დღესვე, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში, პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს ცენტრალური და აფხაზეთის ხელისუფლების, ასევე გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *