შაბათი, აპრილი 20, 2024

სოციალური მუშაკების შეხვედრა მინისტრ სერგეენკოსთან უშედეგოდ დამთავრდა, გაფიცვა გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ ფორმატში შეხვდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, სოციალური მუშაკების მოთხოვნები და „სოციალური მუშაობის“ კანონით გაწერილი აქტივობები.

„სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ ბრძანების მიხედვით, სოციალური მუშაკები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული საქმეებისგან. შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. აპრილის ბოლომდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში და ყველა საჭირო რესურსის აღწერა. გარდა ამისა, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იუსრიტების დამატება. თითოეულ რეგიონში უკვე არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა და სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა სოციალური მუშაკებისთვის უმეტესწილად მისაღები აღმოჩნდა. შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი სოციალურ მუშაკებს გადაეგზავნებათ. გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კი დოკუმენტის მიღებისა და კოლეგებთან შეთანხმების შემდეგ მიიღებენ.

„უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებსაც, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე და სოციალური დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ესწრებოდნენ.

როგორც გაფიცული სოც.მუშაკები აცხადებენ ამ ეტაპზე არაა შეთანხმება მიღწეული კარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, ხელფასის გაზრდის საკითხზე, შესაბამისად პროტესტი გრძელდება. ამასთან, გაფიცულები, მინისტრს სთხოვენ დოკუმენტის სახე მისცეს ზეპირად გაცემულ დაპირებებს.

თემას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი.

“მინდა გამოვეხმაურო სოციალური მუშაკების პრობლემებს. პირველ რიგში, მსურს დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ. ეს არის, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას და დაკავშირებულია, ამავე დროს, სერიოზულ პასუხისმგებლობასთან და მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამავე დროს, სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ გავზარდოთ სოციალური სერვისები და შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც ხდება უფრო და უფრო რთული და მართლაც, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე” – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული