სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“საქართველოს უნივერსიტეტში” შედგა მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრა გაგრძელდა “საქართველოს უნივერსიტეტში” შეხვედრით. “უცნობი პანკისი” ამ სახელწოდებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც ძალზე უშუალო და ზედმიწევნით გულწრფელი გამოვიდა.

შეხვედრის დასაწყისში, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ახალგაზრდებს გამოუტყდა, რომ მათთან შეხვედრისას განსაკუთრებით ღელავდა:

თქვენთან შეხვედრა მე ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ როგორც დღეს ვნერვიულობ, აქამდე არასდროს მინერვიულია. თქვენში, ნებისმიერ ახალგაზრდაში, თემირლანს ვხედავ, იმდენად მიყვარხართ. ამაში ეჭვიც არავის შეეპაროთ“.

შვილმოკლული მამა, პანკისზე საუბრისას, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წლების განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა მცდელობა, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, რომ ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ ვაინახები და ქართველები, თუმცა ეს ვერავინ შეძლო, რადგანაც ამ ერებს ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემა აქვთ, მათ მხოლოდ რელიგია განასხვავებთ, თორემ ერთი კუთხის შვილები – დები და ძმები არიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასე ცუდად მოექცა მის ოჯახს და განაცხადა, რომ თუნდაც პატარა რამეში ყოფილიყო დამნაშავე თემირლანი, მისი მხრიდან პროტესტის არანაირი ფორმა არ იქნებოდა. მაგრამ არ ყოფილა მისი შვილი დამნაშავე და ხელისუფლება ვალდებულია აღიაროს შეცდომა.

შეცდომა უნდა აღიაროს ნებისმიერმა. შეცდომის არაღიარებამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.

ჩემ ტრაგედიაზე მე მიჭირს საუბარი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ, ახალგაზრდები იყოთ ბედნიერები, გეცხოვროთ ნათელ, ბედნიერ ქვეყანაში” – აღნიშნა მალზახ მაჩალიკაშვილმა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველ სტუდენტებს ახლოს გააცნოს პანკისის ხეობა:

ასევე, ჩემი დიდი სურვილი არის, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სტუდენტები, ყველანი დაგპატიჟოთ ჩემთან ხეობაში და მოვაწყო შეხვედრა ქისტ სტუდენტებსა და ჩემი საყვარელი ერის შვილებს – ქართველ სტუდენტებს შორის. და ყველამ მინდა გაიგოს, რომ პანკისი არავისთვის არ არის უცნობი, არავისთვისაა უცხო. ყველა ამას მიხვდება, პანკისში რა ხალხია, როგორი სტუმართმოყვარე მხარეა, როგორი მასპინძლობა ვიცით და რა მეტალიტეტის ხალხი ვცხოვრობთ“.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, შვილმოკლულმა მამამ კიდევ ერთხელ გულისტკივილით ისაუბრა იმ უსამართლობაზე, იმ დანაშაულზე, რაც მისი შვილისა და ოჯახის მიმართ იქნა ჩადენილი და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ მისი მოთხოვნაა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგანაც ამ კომისიის მუშაობისას ძალიან ბევრი რამ გახდება ხალხისთვის ცნობილი. მალზახ მაჩალიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ მზადდება სარჩელი სტრასბურგში წარსადგენად.

ამ შეხვედრით ორივე მხარე ძალზე კმაყოფილი დარჩა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ახალგაზრდებს, ასეთი გულთბილი შეხვედრისთვის. თავის მხრივ, სტუდენტები, მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდნენ შვილმოკლულ მამას.

 

 

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული