ნინო ლომჯარიას პოზიცია თიბისი ბანკთან დაკავშირებით და მუქარის წერილის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარის თაობაზე და განაცხადა, რომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და “ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის” წარდგენისას თიბისი ბანკთან დაკავშირებულ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. ომბუდსმენმა, სერიოზული დაინტერესება გამოხატა საკითხისადმი და სვამს შეკითხვას – ხომ არ იყო დისკრიმინაციული, განსხავებული ან არათანაბარი მიდგომა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ?

მე შევხვდი მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორ, ბადრი ჯაფარიძეს. ვისაუბრეთ ამ საკითხების გარშემო. ვფიქრობ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, როგორც შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ, ამიტომ სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ამ ეტაპზე, გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვოთ შესაბამისი უწყებებიდან და შემდეგ ჩამოვყალიბდეთ – კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. ასევე, არ გამოვრიცხავ ვიფიქროთ, თუ რამდენად იყო თუ არა დისკრიმინაციული, განსხავებული ან არათანაბარი მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ამისთვის გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია და უკვე დაწყებული გვაქვს  ინფორმაციის მოძიება. როდესაც შევხვდით მამუკა ხაზარაძეს, წერილის ფაქტი არ უხსენებია, ჩემთვისაც გუშინ გახდა ცნობილი მედიის საშუალებით და ყველანი ველოდებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. ასევე მზად ვარ, რომ ამ შესწავლის პროცესში გავეცნო წერილს, თუკი ასეთი არსებობს, მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისურვებს თავად განმცხადებელი” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *