თეონა ჭალიძე: “მილიონები იხარჯება, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მაინც არაეფექტურად მუშაობენ”

როგორ მუშაობენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები და რაში ვხარჯავთ 5 მილიონამდე ლარს ყოველ წელს? საკითხის შესწავლის შემდეგ, სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრს, თეონა ჭალიძეს სერიოზული ეჭვი გაუჩნდა აღნიშნული ბიუროების ეფექტურობასა და თანხების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

“მილიონები იხარჯება, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მაინც არაეფექტურად მუშაობენ. სულ პარლამენტის მაჟორიტარი წევრების 73 ბიურო ფუნქციონირებს, სადაც 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული და  ყოველ წელს 5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

მეორე წელია, რაც ბიუროების მიერ გაწეული საქმიანობის დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ. მაჟორიტარ დეპუტატებს წელსაც ვთხოვეთ საჯარო ინფორმაციის გამოგზავნა მათი ბიუროების მუშაობის ანგარიშის, მოქალაქეთა მიმართვიანობის სტატისტიკის შესახებ.  48-მა ბიურომ ინფორმაცია არათუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად დადგენილ ვადებში, არამედ საერთოდ არ მოგვაწოდა. პარლამენტის აპარატში კი განგვიმარტეს, რომ თურმე ეს მაჟორიტარი დეპუტატები მეილს არ ხსნიან და ამიტომ შესაბამისად მათაც არ მიაწოდეს ინფორმაცია.

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები მუშაობენ არაეფექტურად და ისინი გადაქცეულია დეპუტატების ახლობლებისა თუ “ქართული ოცნების” აქტივისტების შემოსავლის წყაროდ.

უფრო მეტიც, ბიუროების ე.წ. საქმიანობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დუბლირება ხდება და ამ პრაქტიკულად ზედმეტ რგოლში 5 მილიონი ლარი იხარჯება, როცა შესაძლებელია ეს თანხა მოქალაქეებისთვის უფრო საჭირო სერვისებზე იყოს მიმართული.

აქვე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი: NDI-ს მიერ გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს თავის მაჟორიტარს. ეს არცაა გასაკვირი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როცა მაჟორიტარი დეპუტატები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ, საჯარო ინფორმაციასაც არ გასცემენ და მეილებსაც კი არ ხსნიან.  ეს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა  შესაცვლელია და ქვეყანა სრულად უნდა გადავიდეს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ყველას მოგიწოდებთ მოაწეროთ ხელი და შეიტანოთ წვლილი ამ არაფრისმომცემი/საზიანო სისტემის შესაცვლელად” – აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

 

“ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრმა დაასახელა იმ დეპუტატების გვარები, ვინც მონაცემები არ მიაწოდეს:

ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი, ნინო გოგუაძე, ბექა ოდიშარია, დავით ჭიჭინაძე,ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში, შოთა ხაბარელი, გიორგი ვოლსკი, ზაზა პაპუაშვილი, ივლიანე წულაია, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა გაბუნია, ლევან კობიაშვილი, რომან მუჩიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გელა სამხარაული, გიორგი ბეგაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი თორთლაძე, იოსებ მაკრახიძე, თენგიზ ხუბულური, სიმონ ნოზაძე , გიორგი კოპაძე, გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გივი ჭიჭინაძე, გრიგოლ მიქელაძე, სულხან მახათაძე, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ედიშერ თოლორაია, გოგა გულორდავა, ლევან ბეჟანიძე, კობა ნაკაიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *