სერგო ჩიხლაძე: “სამედიცინო მომსახურება და წამლების გაცემა გარდაცვლილ ადამიანებზე ხდება”

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, შექმნილია სრულიად უკონტროლო ვითარება. სამედიცინო მომსახურების “გაწევა” ხდება გარდაცვლილ ადამიანებზე. ამის დასტურად, ოპოზიციური პარტიის წევრმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო კვლევა მოიყვანა.

“ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზები, უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. სამედიცინო სერვისების ხარისხის, წამლების ხელმისაწვდომობისა და მართვის პრობლემებს დაემატა ისეთი უკონტროლო სიტუაცია, როდესაც სამედიცინო მომსახურების “გაწევა” და წამლების მიწოდება ხდება გარდაცვლილ ადამიანებზე. ამას ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა და რეესტრის მონაცემები. “მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა ბინაზე მოვლა-პატრონობის პროგრამის” ფარგლებში გამოვლენილია 6 ასეთი შემთხვევა ბათუმში. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყველაზე მოწყვლადი და ღატაკი მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხები სრულიად არამიზნობრივად იხარჯება.

მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს, ასევე შეისწავლოს ისეთი მსხვილი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვისა და “იაფი წამლების” პროგრამა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამების აუდიტი, ბოლო წლების განმავლობაში, საერთოდ არ ჩატარებულა” – სერგო ჩიხლაძე.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *