პაატა დავითაია – ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია ომის მძევალი არ აღმოჩნდეს

“მცოცავი ოკუპაცია”, რუსეთის მხრიდან შანტაჟის არაერთი მცდელობა, მუქარები რუსი მაღალი დონის ჩინოვნიკების მხრიდან და კიდევ არაერთი ნეგატიური გზავნილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, სერიოზული განხილვისა და მსჯელობის საგანია საზოგადოებაში. აღნიშნულ საკითხებს ეხმიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოლენებთან მიმართებაში მნიშვნელოვან მოსაზრებებს აჟღერებს:

“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ანალიტიკით არ არიან დაკავებული, არ ზომავენ იმ საფრთხეებს, რაც რეალურად მზადდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მოვუწოდებ ქართულ სახელმწიფოს და ვაფრთხილებ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს. ეს არ არის პირველი მუქარა.

მინდა ხაზი გავუსვა არა კარასანის, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ იქნება ადეკვატური ზომები საქართველოსა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ამ კუთხით მახსენდება პუტინის მხრიდან კოსოვოს საკითხის განხილვისას გაკეთებული ე.წ. “დამაშნიე ზაგატოვკი”, რომელიც შემდგომ გამოიყენეს და მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი.

მთავარი საფრთხე ცხინვალის მიმართულებაა. საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზეც. იცით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის არსებობისას, ძველი რუკები შეიქმნა, სადაც საზღვარი გადმოდიოდა ე. წ. ტრასაზე. შემდგომ, დაახლოებით 1964 წელს, შეიცვალა ეს რუკები და დაუბრუნდა ძველ საზღვრებს. აგვისტოს ომის დროს, რუსეთის ფედერაციის მთავარი ამოცანა-მცდელობა ე. წ. ტრასის გადაკვეთა იყო და ამ მიზნის გასამართლებლად მოჰყავდათ ძველი რუკები, თითქოსდა ეს იყო სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

შემდგომში ე.წ. “მცოცავი ოკუპაცია” განპირობებული იყო BP-ის ნავთობსადენის ხელში ჩაგდების მიზნით – ეს იყო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ეს ასეც მოხდა: მათ ნავთობსადენის კილომეტნახევრიანი მონაკვეთი ჩაიგდეს ხელში, რაც არ გახმაურებულა. ნავთობის მიწოდება შეწყდა და ნავთობსადენის გზა შეიცვალა. ის დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როდესაც მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები შედეგის მომტანი არ იყო, დაიწყო შემდგომი ეტაპი, ანუ იმ რუკების სისრულეში მოყვანა, რომელიც მაღლა აღვნიშნე – თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო ტრასის ხელში ჩაგდება. ზოგ ადგილებში 400, ზოგ ადგილებში კი 200 მეტრიღაა დარჩენილი მთავარ გზამდე. რეალურად სიტუაციის დაძაბვა და გზის გადაკეტვა ერთი ავტომატის ჯერით შეიძლება. ეს საკითხი განიხილება რუსეთში. თუ მსგავსი ქმედებები განახორციელა მან, ეს წელში გაწყვიტავს საქართველოს და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს.

კიდევ ერთი საკითხი, სიტუაციის დასაძაბავად, არის ის, რომ უახლოეს პერიოდში ანაკლიის პორტის საპირწონე პროექტის შექმნა დაიწყო კინდღის (სოფელი ოჩამჩირის რაიონში – რედ.) ტერიტორიაზე, სადაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს კეთდება ანაკლიის პორტის ჩასაშლელად. ეს იქნება ანკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. დააკვირდით რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ – რუსეთი ორი მიმართულებით მოქმედებს. პირველი ეს არის კინდღის პორტი და მეორე ეს არის გზის გადაკეტვა ძველ რუკებზე დაყრდნობით, საუბარია გორის მონაკვეთზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ საქართველოს ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, ომის მძევალი არ აღმოჩნდეს” – აცხადებს პაატა დავითაია.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *