ნანა ტოხვაძე: “მთავრობამ ზოგადი განათლება თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადაიყვანა”

საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე სააგენტო “პარალელმა”, გასულ კვირას, უკვე გამოაქვეყნა კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური მასალა, ამჟამად გადავწყვიტეთ გაგვეგო დარგის ექსპერტის მოსაზრებები, შეფასებები და აღნიშნულ საკითხებზე სააგენტო “პარალელის” ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე, ესაუბრა სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელს ნანა ტოხვაძეს:

 

ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება საატესტატო გამოცდების გაუქმება და რის საფუძველზე მიიღეს რეფორმის ავტორებმა ეს გადაწყვეტილება?

ჩვენ მივიღეთ რელობა, როდესაც მთავრობამ ზოგადი განათლება „თავისუფალი ვარდნის რეჟიმში“ გადაიყვანა – პრინციპით, არც გასწავლი და არც გამოგცდი. საატესტატო გამოცდების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ანგარიშში, მიუხედავად კვლევის  მწირი რესურსებისა და შეზღუდვებისა, რასაც თავად ავტორი, ქალბატონი ლელა ჩახაიაც ადასტურებს, მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი შედეგებია გამოკვეთილი. ერთი, რომ სახელმწიფო წლებია გვატყუებს და სინამდვილეში, საქართველოში განათლება უფასო სრულებითაც არ გახლავთ. მეორე, ყოველწლიურად ჩაჭრილ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი ერთი-ერთში ემთხვევა ყველაზე დაბალი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოზარდების პროცენტულ რაოდენობას, რადგან მათ არ აქვთ რეპეტიტორთან მომზადების სახსრები.  თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთი ხელის მოსმით გამოცდების გაუქმებაზე, თავისი ფარული მიზნები და მიზეზები აქვს.

 

როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

თუ მიზეზებზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

  • სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოფლად და ქალაქად განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და სწავლების ხარისხს.
  • 2013 წლიდან დღემდე ზოგადი განათლების ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა, ხოლო საერთო ბიუჯეტმა 1.5 მლრდ. ლარს მიაღწია. ამ ფონზეც კი, შედეგები მოსწავლის, სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლის, თუ მეცნიერ-მკვლევარის მიღწევებზე არ ასახულა.
  • რაც მთავარია, საჯარო სკოლამ ვერ დანერგა განათლების თუნდაც მინიმალური სტანდარტი, ხოლო შეუსაბამო სასწავლო პროგრამისა და დაბალკვალიფიციური, უხარისხო სწავლა-სწავლების გამო დაკარგა საზოგადოების ნდობა. სწორედ ამ ფაქტმა გააძლიერა რეპეტიტორობის ინსტიტუტი და არა პირიქით.

 

გამოცდების ჩატარებით განათლების სისტემა რა ამოცანების შესრულებას უნდა ისახავდეს მიზნად?  

გამოცდები მიუხედავად სტრესული ემოციების თანხლებისა, არის ერთადერთი გზა შეამოწმოს სწავლის პროცესში მიღწეული შედეგი. თუმცა, საატესტაატო გამოცდების ტესტების ფორმისა და შინაარსის განახლება უდავოდ მიზანშეწონილი იყო. მაგრამ არა გაუქმება, რადგან სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. განათლების პოლიტიკის მესვეურთა მხრიდან გამოცდებისთვის იმ მიზნების დასახვა, რომ იტვირთოს სოციალურად გამათანაბრებელი როლი, აამაღლოს სწავლის ხარისხი და მოტივაცია,  რბილად რომ ვთქვათ აფსურდია. ვერც ერთი, თუნდაც იდეალური სტრუქტურის მქონე გამოცდა ვერ შეძლებს სკოლის მერხთან დააბრუნოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, იმ პირობებში, როცა სკოლა ვერც მოსწავლის უნარებისა და კომპეტენციის განვითარებას და ვერც ფაქტობრივ ცოდნას უზრუნველყოფს. აღარაფერს ვამბობთ მოტივაციაზე, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლს დაკარგული აქვს. ეს პრობლემა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოწვევაცაა და ამაზე მიდის ინტენსიური მუშაობა.

 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება რამდენად რელევანტური იყო სამინისტროს მხრიდან?

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სამინისტროსგან მიღებულ გადაწყვეტილებები არალერევანტურია და კვლევის რეკომენდაციები შემხებლობაშიც არ გახლავთ გამოცდების სისტემის გაუქმების აუცილებლობასთან. მით უფრო კვლევის შედეგების გამოცდების გაუქმების არგუმენტად წარდგენა,  ნიშნავს: 1) მათ წარმოდგენილი აქვთ, რომ ცოტას თუ დააინტერესებდა 70 გვერდიანი კვლევის გაცნობა 2) გარკვეულწილად იძლევა მათთვის სასურველი პოზიციის ინტერპრეტირების საშუალებას. არავინ დავობს, რომ საგამოცდო ტესტის სტრუქტურისა და შინაარსის გადახალისება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მისი გაუქმება რეფორმის ბოლო რგოლი უნდა ყოფილიყო და არა ერთადერთი გზა რეპეტიტორობის ინსტიტუტთან გასამკლავებლად ან სულაც, მშობლებისგან მობილიზებული ფინანსების კერძო, არაკონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტში გადასამისამართებლად.

 

მაშინ რა არის თქვენი აზრით აღნიშნული რეფორმის ჩატარების მოტივაციის საფუძველი?

რჩება გონივრული ეჭვი, რომ საგამოცდო სისტემის ნაჩქარევი რეფორმირების რეალური მიზანი გახლავთ ერთი მხრივ, პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვება და პოპულისტური ნაბიჯებით „ქართული ოცნების“ ელექტორატის გაზრდა. ხოლო მეორე მხრივ, კერძო ბიზნესინტერესები, რათა თუნდაც დაბალკვალიფიციურმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ აბიტურიენტთა ხარჯზე „შეივსონ“ ვაკანტური ადგილები. ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს გააკეთებს ყველაფერს, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს.

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს და დღეს, დიდი მონდომებით საუბრობენ მის გაუქმებაზეც. ყველა სტუდენტი, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ფაკულტეტებზე ჩააბარებდა, 100%-იან დაფინანსებას იღებდა, როგორც სოციალურ გრანტს ისეთ სპეციალობებზე როგორიცაა: განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია.

 

როგორ შეფასებდით სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ზოგადი უნარების გამოცდების ამოღების გადაწყვეტილებას?

უნარების გამოცდის გაუქმების უმთავრეს მიზეზად სახელდება სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ქულების მხრივ თბილისსა და სოფლებს შორის ორ სავალდებულო საგანშია განსხვავება – უცხო ენა და უნარები, სადაც თბილისელი აბიტურიენტები 22 ქულით მეტს იღებენ უცხო ენის ტესტში, ხოლო ზოგადი უნარების შემთხვევაში ეს სხვაობა 8.5-ია. ასევე,  გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს შეფასებით ის არ არის ისეთი წონის და გამათანაბრებელი ტესტი, რომ სავალდებულო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ეროვნულ დონეზე გამოცდების ჩატარება მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, თუნდაც ობიექტურობის, ნდობის მაღალი დონისა თუ კორუფციის აღმოფხვრის კუთხით,  სამინისტროს აქვს ილუზია რომ ეს გამოწვევები დღეს აღარ იარსებებს, რადგან შეცვლილია მოცემულობა. ხოლო, რაც შეეხება კორუფციის კვლავ გაჩაღების საფრთხეს, სამინისტროს პრევენციის არც ერთი მექანიზმი არ აქვს შემუშავებული.

 

რა აქტივობას გეგმავთ მომავალში საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ამ პრობლემებთან დაკავშირებით?

ვფიქრობთ, საზოგადოება უნდა იცნობდეს კვლევის ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც გაუქმდა საგამოცდო სისტემა და ხვალ-ზეგ ცვლილებები შევა ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ცვლილებების პაკეტი, კანონპროექტის სახით უკვე  წარდგენილია პარლამენტში. მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას და რეკომენდაციებს, თუ რა  უნდა გაკეთებულიყო რეფორმის ფარგლებში და რა გაკეთდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *