ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ქართველმა ვეტერანებმა საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის 30-ე წლისთავი აღინიშნეს

15 თებერვალს საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის 30-ე წლისთავი აღინიშნა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა პატივსაცემად, ასევე, შეიკრიბნენ „ავღანეთის და სხვა ომების მონაწილეთა კავშირის” წევრები და ვეტერანები.

მემორიალთან, ავღანეთში დაღუპულთა და ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვახტანგმა, დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის რესპუბლიკა დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, 128 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 7 კი – უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს ‘’არმი ჰოლში’’ საზეიმო მიღებითა და კონცერტით გაგრძელდა, სადაც გამოფენილი იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი მხატვრების ნამუშევრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, ჯანდრი უბირია უწყების თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ‘’ავღანელთა კავშირის’’ თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, საზოგადო მოღვაწეები და ხელოვანები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული