პროცესები ილიაუნში და ნიკა გვარამიას მწვავე შეფასებები

რაც მას შემდეგ, რაც ნახა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას, უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციით დაინტერესებულ ადამიანებთან, შეხვედრის ჩანაწერი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია ახდენს საკუთარი მრავალპუნქტიანი პოზიცია-შეფასებების დაფიქსირებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებსა და ცალკეულ პიროვნებებთან მიმართებაში:

“არ დამეზარა და გზაში ვუყურე.

1. არავითარი ბუნებრივი ბმა ხელოვნურად დაკავშირებულ ფაკულტეტებს შორის, განსაკუთრებით და სუპერგანსაკუთრებით განათლებასა და ბიზნესს შორის, არ არსებობს. ეს ობიექტურად. სუბიექტურად, ეს გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული, ვერც და არც არავინ ახსნა (ყოველ შემთხვევაში, ამ ვიდეოს ფარგლებში).

2. აკადემიური საბჭო ვერ გაექცევა იმას, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სრულიად და ცალსახად არის ანგარიშსწორება ბიზნესსკოლის დეკანთან. და ამ დროს, არავის არ ადარდებს სკოლის სტუდენტობა, რომელიც, ცხადია, ზარალდება.

3. სირცხვილია ქალბატონი დობორჯგინიძის გამონათქვამი, რომ სტუდენტებმა და ქადაგიძემ ალღო ვერ აუღეს ილიაუნისთვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპს ყველაფერში. ამ ქალბატონს (პრორექტორს), ჩანს, გონია, რომ სკოლების და ფაკულტეტების გადათამაშ-გადმოთამაშება სწრაფად და დაუსაბუთებლად, არავის ჩართულობის და არც ერთი კრიტიკული მოსაზრების გარეშე, კარგი და პოზიტიური კონოტაციით სასაუბროა და დადებითად ახასიათებს უნივერსიტეტს. მე არ ვიცი რას ასწავლის და როგორი პროფესორია ქალბატონი დობორჯგინიძე (იმედი მაქვს, შესანიშნავი), მაგრამ მას სუსტი წარმოდგენა აქვს საუნივერსიტეტო განათლების და ზოგადად სისტემების მართვაზე.

4. სწორია დაპარალელება მინისტრ ბატიაშვილის (რომელიც ბედის ირონიით ამავე სკოლის დეკანი ყოფილა არც თუ ისე დიდი ხნის წინ) შინაარსობრივად და ფორმალურად არასწორ ბოლო გადაწყვეტილებებსა და ილიაუნის აკადემიური საბჭოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას შორის. სწორია გაჩენილი შეკითხვა, ამგვარი და ამგვარად გადაწყვეტილების მიმღები აკადემიური საბჭოს წევრები ამ ადგილს რამდენად უნდა იკავებდნენ.

5. David Darchiashvili ბოდიში, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრა: ჯობდა საერთოდ არაფერი გეთქვა. უკიდურესად ცუდი იყო.

6. “დისკუსიისთვის მადლობა უნივერსიტეტს” არაგულწრფელია: რომ არა ამ საქმის აქტიური გაშუქება (რაზეც ილიაუნის პროფესურას სრულიად სამარცხვინო და კიდევ უფრო სამარცხვინოდ კოლექტიური ისტერიკა დაემართა), არავითარი დისკუსია ამ საკითხზე არც იყო და არც შედგებოდა, ჩემი რწმენით.

7. და ბოლოს, დიახ, ეს იყო სტუდენტების შეხვედრა ინტელიგენიციასთან და არა უნივერსიტეტის პროფესურასთან. სრულიად ასეა და სტუდენტების ცინიზმი აბსოლუტურად ჯანსაღია. სამწუხაროდ, იმ ხალხმა, ვინც ბოლო დღეები ის წერა, რაც წერა, ის ილაპარაკა, რაც ილაპარაკა, და ბოლოსდაბოლოს, ის აკეთა, რაც აკეთა – წარმატებით გაიარა ტრანსფორმაცია ლიბერალური უნივერისტეტის პროფესურიდან, დახურულ-კლანური კორპორაციის ელიტამდე. ამიტომაც გამოიყენეს ჭკვიანმა და თავისუფალმა სტუდენტებმა ეს სიტყვა. სამწუხაროდ, უბრალოდ დროის საკითხი მგონია, როდის ესიამოვნებათ იქ მსხდომებს საკუთარი თავის ამგვარად მოხსენიება და როდის მოირგებენ ამ მხოლოდ და მარადის საბჭოთა სტატუსს – ინტელიგენტი. აი, ამ დღეებში გავლილი მანძილის – პროფესურიდან ელიტამდე – უკან გავლა კი, სამწუხაროდ, ალბათ უკვე შეუძლებელია. იქნებ და საბედნიეროდ, შესაძლოა ვცდებოდე.

8. ხვალ ტვ იმედი გვანახვებს საკუთარი ედიტორიალის მხარდაჭერას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი. ვრემიას სტილში დაგმობენ ქადაგიძეს და მის მიერ მართულ სტუდენტებს. არ ვწინასწარმეტყველებ – უკვე ვნახეთ ამის ჩანასახები პროგრამის ანონსში, სადაც ბატონი დარჩიაშვილი გმობს დეკანის ხელში მეგაფონს, ისტერიულ-ზედაპირული მარქსისტი პროფესორი (?!) გაჰკივის, რომ უნივერსიტეტი ბანკი და ქარვასლა არაა და ქორვაჭარი ქადაგიძეა ყველაფერში დამნაშავე, ყველა დროის ექსპერტ-პროსტიტუტი რამაზ საყვარელიძე ნაცმოძრაობის და რ2ის კონსპირაციას ხედავს ყველაფრის მიღმა. ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ილიაუნის, მის ხელმძღვანელობას და ხელმძღვანელობის მხარდამჭერ პროფესურას – ისინი აღიარა ქვეყნის უმსხვილესმა პროსამთავრობო და უმსხვილესმა პრორუსულმა მედიამ, ანუ ერთდროულად ბადრი პატარკაციშვილის ლიბერალური სული დაჰნათით და ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიული ხორცი მხარს უჭერთ. მისალოცი ამბავია: ვოლგა უკეთესია ტესლაზე, ილიაუნის ადმინისტრაცია – ქადაგიძეზე, – ასეთია ნაძეჟდას ბოლო ორი ვერდიქტი.

ps განმარტებისთვის: არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს. ლამის სამოქალაქო მკვლელობის ფორმით რომ არ გაეშვათ თანამდებობიდან ქვეყნის ერთერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი და საინტერესო მოაზროვნე, ვაღიარებ, შეიძლება გამომრჩენოდა კიდეც ეს ამბავი მხედველობიდან. მაგრამ გარემოებები სხვანაირად აეწყო, და ააწყო ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, მის შემდგომ – ბრმად რექტორის მხარდამჭერამ და ყველა კრიტიკაზე ისტერიულად მორეაგირე პროფესურამ. მათ და მხოლოდ მათ. და არავინ სხვამ. ბატონი ქადაგიძის მიმართ სიმპატიებიც მაქვს და მეგობრობაც მაკავშირებს, რაც ყველამ ისედაც იცის და არასდროს დამიმალავს, მაგრამ ილიაუნიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის და გიგა ზედანიაც, პერსონალურად. თუმცა ფაქტია, მსხვერპლი ქადაგიძეა და უსამართლო მსხვერპლი. დაზარალებული ბიზნესსკოლის ათასობით სტუდენტია და უსამართლოდ დაზარალებული. და, კიდევ ერთი: ეს მართლა ეფლის ტელეფონების ამბავი კი არაა, ბატონო Ghia Nodia, არამედ ცალკე სტუდენტების და ცალკე ჩვენი – გადასახადების გადამხდელის ფულის სწორად და ეფექტიანად ხარჯვის. არ დაგვავიწყდეს, სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფოს, ანუ ჩვენს მიერ ფინანსდება და შეკითხვები არა მარტო საბოლოო პროდუქტთან, არამედ პროცესთან დაკავშირებითაც ლეგიტიმურია.

შეხვედრა-დისკუსიის პირდაპირი რეპორტაჟი (ჩანაწერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *