ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

დიმიტრი გვრიტიშვილი: “მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი მკაცრად აკრიტიკებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივას და ფეისბუკის პირად გვერდზე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

“გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით:

ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, ,,სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ ,,სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ!

არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!

მართლაც პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა! სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის – უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა!

ამიტომ, თვალთმაქცობს ის, ვინც ამტკიცებს, რომ წარსულის შემობრუნებით და განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით მიიღწევა პროგრესი. აბსურდია!

მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა! ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და ,,გადმონაშთად“!”

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული