შაბათი, აპრილი 20, 2024

მარიამ ჯაში მე-12 კლასელების სახელით მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ეხმიანება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას მე-12 კლასელებისათვის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით და მადლობას უხდის მას ამ გადაწყვეტილებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და მთავრობას, რომ გაითვალისწინა სამართლიანი პოზიცია მე-12 კლასის მოსწავლეებთან მიმართებაში. ჩემი თავდაპირველი პოზიცია გახლდათ მოდიფიცირება და არა გაუქმება არსებული საატესტატო სისტემის. რადგან მიღებული იქნა მე-11 კლასში საატესტატო გამოცდების გაუქმებისა და ერთჯერადად, მე-12 კლასში აღნიშნული ტესტირების დატოვების გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ სამართლიანი იყო მე-12 კლასზეც გავრცელებულიყო აღნიშნული ნორმა. დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობა რათა სამართლებრივ რეგულაციებში აისახოს აღნიშნული ცვლილებები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, გუშინ კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა კონსულტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან.

სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დროულად განსაზღვროს, რა მიდგომა განხორციელდება მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საატესტატო გამოცდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი კონსულტაციის შემდეგ სამინისტრო ასევე მაქსიმალურად პოზიტიურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთიდან პირველი კურსის მეორე სემესტრში საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებას ელოდებიან.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სტუდენტების ინტერესები და შეჯერებული, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღწეული. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს და აბიტურიენტებს. ისინი ამ დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან. ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დრო დაუთმონ უშუალოდ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროცესს“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა, რომ გარკვეული ცვლილებები იყო აუცილებელი საატესტატო გამოცდების ხისტ სისტემასთან დაკავშირებით.

წელს მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა შემოთავაზება საატესტატო გამოცდების ცვლილებების პაკეტზე და სამინისტრომ გააჟღერა გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული ინიციატივა“, – განაცხადა მან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული