“ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრი, ასევე გამოეხმაურა განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე-11 კლასელებისათვის საატესტო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ მიიღო გადაწყვეტილება, უკვე წელს, მე-12 კლასელებისათვისაც დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა:
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს – მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოეხსნა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოცდების მოხსნა ორივე დამამთავრებელი კლასისთვის გადაწყდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ეს სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან შეიცვლება.