სოფო კილაძე: “გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისათვის”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას, ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას შეხვდა.

შეხვედრაზე ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციების არსებობის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელმაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვი იმსხვერპლა, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების დეტალური შესწავლა, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხოებას უკავშირდება.

“სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ, კარგად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. წინასწარი მონაცემებით, იკვეთება გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით. ეს, ამ შემთხვევაში, არ უკავშირდება სამშენებლო რეგულაციებს. ჯერჯერობით გავდივართ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისათვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, უცხოელი ექსპერტებიც და ერთად შევიმუშავებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს”, –  აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *