ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

დავით სერგეენკო – აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად

ქვეყანაში წითელას ინფექციური დაავადების რიცხვის მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად.

საქართველოში არსებული ვაქცინა არის მაღალი ხარისხის და პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა – “დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია- ეს არის ეპიდაფეთქება“.

წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 20-დან 40 წალამდე ასაკის პოპულაციაში გვხვდება. მიზეზად კი, 90-იან წლებში იმუნიზაციის არასათანადო მოცვა სახელდება.

დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის პირები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
დავით სერგეენკო მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ხოლო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია და მისივე განმარტებით – მოქალაქეებს, რომლებსაც არ ახსოვთ, გაკეთებული აქვთ თუ არა წითელას საწინააღმდეგო აცრა ორჯერ, დამატებითი ვაქცინაცია მათთვის სრულიად უსაფრთხოა.

დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“. – განაცხადა დავით სერგეენკომ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული