პარასკევი, აპრილი 19, 2024

ირაკლი კობახიძე: “განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია, რომ იყოს გუნდურობის პრინციპი”

პარლამენტის თავმჯდომარემ შეფასება მისცა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” გუნდში შექმნილ მდგომარეობას და დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია:

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქცირების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი და ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს.


„ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია, რომ იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, ასე არ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო გადაწყვეტილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული